ქ. თბილისი, სპ. კედიას ქ.7
571006580
info@protezi.ge

ისტორია

შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი

ცენტრი წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, რომელიც დაფუძნებულია 2000 წელს საქართველოს სახელმწიფოს 100% ქონებრივი შენატანით.

ცენტრის საპროთეზო-ორთოპედიული საწარმო დაარსდა 1921 წელს. იგი სხვადასხვა დროს ფუნქციონირებდა სხვადასხვა დასახელებით: თბილისის საპროთეზო-ორთოპედიული ქარხანა; თბილისის საცდელ-ექსპერიმენტული საპროთეზო-ორთოპედიული ქარხანა; საპროთეზო-ორთოპედიული რესპუბლიკური ცენტრი.

ცენტრის სამედიცინო სამსახური ჩამოყალიბდა 1961 წელს დამოუკიდებელი “საექიმო-შრომითი ექსპერტიზის” სტაციონარის სახით 25 საწოლზე. 1970 წლისათვის სტაციონარი გაშლილი იყო 120 საწოლზე. 1985 წელს იგი გარდაიქმნა “შრომისუნარიანობის აღდგენისა და ექსპერტიზის რესპუბლიკურ ცენტრად”. სტაციონარი მომსახურეობას უწევდა რესპუბლიკის ფარგლებში მცხოვრებ ინვალიდებს. წლიური დატვირთვა შეადგენდა 30-32 ათას საწოლ-დღეს.

1997-2000 წლებში “ინვალიდთა მომსახურეობის სახელმწიფო პროგრამის” დაფინანსებით განხორციელდა საწარმოსა და კლინიკის რეკონსტრუქცია. საწარმოში, 1997 წელს დაინერგა “ოტო ბოკის” ფირმის ტექნოლოგია. დამონტაჟდა ამავე ფირმის დაზგა-დანადგარები.

საქართველოს შრომის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროების გაერთიანების შემდეგ, საპროთეზო-ორთოპედიული რესპუბლიკური ცენტრისა და კლინიკის ბაზაზე ჩამოყალიბდა შ.პ.ს. ,,შშმპ-თა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი”, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეუძლიათ მიიღონ მაღალკვალიფიციური, როგორც საპროთეზო-ორთოპედიული, ისე სამედიცინო, სარეაბილიტაციო მომსახურება.

ცენტრის საპროთეზო-ორთოპედიულ საწარმოში მზადდება ყველა სახის მაღალტექნოლოგიური საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმი.

ცენტრის შენობას აქვს შშმპ-თა სპეციალური მისასვლელი (პანდუსი), როგორც ფასადის, ისე ეზოს მხრიდან. აგრეთვე, კარგად მოწყობილი პალატები 10 საწოლზე.