საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებით  უზრუნველყოფა

შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, საჭიროების მიხედვით, სოციალური მომსახურების სააგენტოსგან შეუძლია მიიღოს ვაუჩერი, საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებით  უზრუნველყოფის მიზნით.

შენიშვნა:  საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებით ვერ დაკმაყოფილდებიან ის ბენეფიციარები, რომლებიც 2011 და 2010 წლებში სახელმწიფო პროგრამით უზრუნველყოფილი იყვნენ ანალოგიური დამხმარე საშუალებებით. ამასთან, შესაბამის დამხმარე საშუალებებზე აღნიშნული სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული საგარანტიო ვადა არ არის ამოწურული.

ვის უნდა მიმართოთ საპროთეზო-ორთოპედიული საშუალების მისაღებად?  მოთხოვნილი დამხმარე საშუალების მისაღებად აღრიცხვაზე აყვანისათვის (თქვენ ან თქვენმა კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა მიაკითხოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალურ ან რაიონულ განყოფილებას, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
– შშმ პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი – დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას);
– შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
– შშმ პირზე გაცემული ფორმა №IV-50/2-ის ასლი, სადაც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული სავარძელ-ეტლის ან საპროთეზო-ორთოპედიული საშუალების საჭიროება;
– ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებმა ასევე უნდა წარმოადგინოთ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული შესაბამისი მოწმობის ასლი, ან რეგისტრირებული უნდა იყოთ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტში არსებულ საინფორმაციო ბაზაში;
– შშმ პირის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელია;
– შშმ პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელია.

ვის ენიჭება დამხმარე საშუალებების მიღებაზე უპირატესი უფლება?

დამხმარე საშუალებების მიღებაზე უპირატესი უფლებით სარგებლობენ:
• ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის (რეაბილიტაციის) ორთეზირების საჭიროების მქონე ქვეპროგრამის ბენეფიციარები;
• პირები, რომელთა განცხადებებიც, დამხმარე საშუალებების მიღების მოთხოვნის შესახებ, სხვა პირთა განცხადებებზე ადრეა შემოსული, შემდეგი რიგითობით:
-,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000 ერთეულს;
– 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვები, ყრუ და სმენადაქვეითებული პირები;
– შესაძლებლობის მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვის მქონე პირები;
– შესაძლებლობის ზომიერად გამოხატული შეზღუდვის მქონე პირები.

ვინ კმაყოფილდება საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით რიგგარეშე?

საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით რიგგარეშე კმაყოფილდებიან შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარები:
– სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მცხოვრები ბენეფიციარები;
– სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებაში მყოფი პირები;
– ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები.

როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება?

სოციალური მომსახურების სააგენტოს სპეციალური კომისია დადგენილი წესით განიხილავს სააგენტოში შემოსულ განცხადებებს საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებით უზრუნველყოფის თაობაზე და სათანადო გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში გაცნობებთ წერილობით. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ვაუჩერს მიიღებთ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ასევე, დამატებით გეცნობებათ დამხმარე საშუალებების გამცემი ორგანიზაციების რეკვიზიტები.

შენიშვნა:
თუ წერილობით შეტყობინებაში მითითებულ ვადაში ვაუჩერს არ წარუდგენთ დამხმარე საშუალების გამცემ თქვენს მიერ არჩეულ ორგანიზაციას, კომისიის გადაწყვეტილება ჩაითვლება გაუქმებულად.

რა მომსახურებას ითვალისწინებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქალაქეთა საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებით უზრუნველყოფა?

– ქვედა კიდურის ყველა დონის ამპუტირების შემთხვევაში, ქვედა კიდურების პროთეზების შერჩევას, დამზადებას და მორგებას;
– ზედა კიდურის ყველა დონის ამპუტირების შემთხვევაში, პროთეზის შერჩევას, დამზადებას და მორგებას;
– ორთეზების შერჩევას, დამზადებას და მორგებას;
– საპროთეზო ორთოპედიული ნაწარმის მიღებიდან 12 თვის განმავლობაში საგარანტიო მომსახურებას, მისი გამოცვლის ჩათვლით, თუ შესაბამისი ნაწარმის მწყობრიდან გამოსვლა არ უკავშირდება ფიზიოლოგიურ ცვლილებას, დაავადებას ან ტრავმით გამოწვეულ ცვლილებას, წინასწარ განზრახულ დაზიანებას ან არადანიშნულებისამებრ გამოყენებას;
– ინდივიდუალური ტრეინინგებისა და სპეციალური სწავლების ჩატარებას, ბენეფიციართათვის გადაცემული საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის უსაფრთხო და შეძლებისდაგვარად ხანგრძლივი ექსპლუატაციის მიზნით.

რა თანხას მოიცავს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საპროთეზო-ორთოპედული საშუალების ვაუჩერის დაფინანსება?

საპროთეზო-ორთოპედული საშუალების ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტები განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) სახეობა დაფინანსების ლიმიტი
(ლარებით)
I. პროთეზირება
1.  ქვედა კიდურის პროთეზირება
 პროთეზი ტერფის ნაწილობრივი ამპუტაციისას და კოჭ-წვივის სახსარში ამოსახსვრისას 370
 მუხლს ქვედა პროთეზი
მუხლს ქვედა მოდულური პროთეზი, ლამინაცური ან თერმოპლასტიური ბუდით, სილიკონ-ლაინარით ან სილიკონ-ლაინერის გარეშე 1280
 მუხლს ქვედა პროთეზი ხის კვანძით-ხის მიმღებით, ტყავის ან ლითონის მიმღებით და ლითონის კარკასით 1070
 პროთეზი მენჯ-ბარძაყის ამოსახსვრისას
 მოდულური პროთეზი მენჯ-ბარძაყის ამოსახსვრისას ლამინაცური ან თერმოპლასტიური ბუდით 2840
 პროთეზი მენჯ-ბარძაყის ამოსახსვრისას ხის კვანძით-ხის მიმღებით, ტყავის ან ლითონის მიმღებით და ლითონის კარკასით 1100
მუხლს ზედა პროთეზი
მუხლს ზედა პროთეზი მოდულური პროთეზი ლამინაცური ან თერმოპლასტიური ბუდით, სილიკონ-ლაინარით ან სილიკონ-ლაინერის გარეშე 1985
 მუხლს ზედა პროთეზი ხის კვანძით-ხის მიმღებით, ტყავის ან ლითონის მიმღებით და ლითონის კარკასით 1080
  მოდულური პროთეზი მუხლის სახსრის ამოსახსვრისას ლამინაცური ან თერმოპლასტიური ბუდით, სილიკონ-ლაინარით ან სილიკონ-ლაინერის გარეშე 2300
2. ზედა კიდურის პროთეზირება
 იდაყვს ზედა პროთეზი
 იდაყვს ზედა მოდულური პროთეზი ლამინაცური ან თერმოპლასტიური ბუდით, სილიკონ-ლაინარით ან სილიკონ-ლაინერის გარეშე 3340
იდაყვს ზედა (კოსმეტიკური) პროთეზი ტყავის, პოლიამიდის ან ნიტროლაქის მიმღები ბუდით 385
იდაყვს ქვედა პროთეზი
 იდაყვს ქვედა პროთეზი მოდულური პროთეზი ლამინაცური ან თერმოპლასტიური ბუდით, სილიკონ-ლაინარით ან სილიკონ-ლაინერის გარეშე 2120
 იდაყვს ქვედა პროთეზი (კოსმეტიკური) პროთეზი ტყავის, პოლიამიდის ან ნიტროლაქის მიმღები ბუდით 210
 ხელის მტევნის (კოსმეტიკური) პროთეზი ტყავის, პოლიამიდის ან ნიტროლაქის მიმღები ბუდით 80
 ხელის მტევნის პროთეზი (კოსმეტიკური) პროთეზი უცხოური წარმოების კვანძით 960
II. ორთეზირება
 ტერფის ორთეზი კოჭ-წვივის სახსრის ჩართვით 110
 ორთეზი მუხლისა და კოჭ-წვივის სახსრის ჩართვით 600
 მუხლის ორთეზი 610
 ორთეზი მენჯ-ბარძაყის,მუხლისა და კოჭ-წვივის სახსრების ჩართვით 710
 ორთეზი იდაყვს ქვედა 40
 ორთეზი იდაყვის სახსრის ჩართვით 130
 ორთეზი კისრის დონეზე 100
 ორთეზი გულმკერდ-წელის დონეზე 500
 ორთეზი წელის დონეზე 410

ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 100%-ის ფარგლებში, საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების 100%-ით ფინანსდებიან:
– შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები;
– სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მცხოვრები ბენეფიციარები;
– ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები;
– სასჯელაღსრულებისა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფი პირები;
– „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა კომისიის მიერ ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ აღემატება 70 000 ერთეულს.
ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 90%-ის ფარგლებში, საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების 90%-ით ფინანსდებიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა კომისიის მიერ ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არის 70 001-დან 100 001-მდე.
ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 75%-ის ფარგლებში, საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების 75%-ით ფინანსდებიან სხვა კატეგორიის ბენეფიციარები.

%d bloggers like this: