ქ. თბილისი, სპ. კედიას ქ.7
571006580
info@protezi.ge

„ოტობოკთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი

„ოტობოკთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პროთეზების მწარმოებელ გერმანულ კომპანია „ოტობოკს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ამის შესახებ  თავდაცვის სამინისტროში, კომპანიის წარმომადგენლებთან გამართულ  შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

„ოტობოკის“ აღმოსავლეთ ევროპის  რეგიონული   მენეჯერი კლაუს ფრიოლიხი, დელეგაციის წევრებთან ერთად, დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა პაატა პატიაშვილმა მიიღო. შეხვედრაზე მხარეებმა დაშავებული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერაზე ისაუბრეს  და მათთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფაზე გაამახვილეს ყურადღება.

პაატა პატიაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში მემორანდუმის ტექსტზე მუშაობა დაიწყება. მემორანდუმი  ქართველი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ამ პროცესში გერმანული მხარის მხარდაჭერას ითვალისწინებს. „კომპანია „ოტობოკთან“  სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განვიხილეთ.  შესაძლებელი იქნება მემორანდუმის გაფორმება, რომელიც ითვალისწინებს  ჩვენი სპეციალისტების გადამზადებას როგორც გერმანიაში, ასევე, საქართველოში, რათა მოხდეს მათი კვალიფიკაციის ამაღლება იმ მოწყობილობებთან მუშაობაში, რომელიც  დღეს გააჩნია ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს. 18 სამხედრო მოსამსახურეს გადაეცა ამერიკული კორპორაცია „Peter Harsch Prosthetics“-ის მიერ გერმანიაში დამზადებული უახლესი ტექნოლოგიის „ოტობოკის“ პროთეზები, რასაც  შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტთა მონიტორინგი და ამ მოწყობილობებზე მუშაობა სჭირდება“, – აღნიშნა  დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა.

„შესაძლებლობა გვქონდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შევხვედროდით, რათა  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სამხედრო მოსამსახურეებისთვის მომსახურების გაუმჯობესებაზე გვესაუბრა. სურვილი გვაქვს, მხარი დაგიჭიროთ დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის განკუთვნილი პროთეზირების პროგრამის შესწავლაში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს რეაბილიტაციის ცენტრის შესაძლებლობების განვითარებას“, – განაცხადა კლაუს ფრიოლიხმა.

2013 წლის 26 დეკემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და  ამერიკულ კორპორაციას „Peter Harsch Prosthetics“-ს შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომლის საფუძველზეც ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ამპუტირებული კიდურები „ოტობოკის“ მიერ წარმოებული უახლესი ტექნოლოგიებით დაუმზადდებათ. პროთეზირების პროგრამა  ISAF-ის, OIF-ის სამშვიდობო მისიებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში მძიმედ დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა გაიარეს, რომელთაც აქვთ ზედა კიდურების, ბარძაყის დონეზე ცალმხრივი და ორმხრივი ამპუტაცია.

 

კომენტარის დატოვება